ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები 9 აპრილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ.
ზესტაფონის მერმა -ვასილ გველესიანმა, მოადგილეებთან გიორგი ჯუღელთან, მალხაზ შერგელაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილის სახელობის გმირთა მემორიალი.

მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა, ეპარქიიის სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ პირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"36 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს თარიღი არის ჩვენს უახლეს ისტორიაში, უდიდესი ტკივილის დღე, ამავდროულად ორი წლის თავზე, 1991 წელს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. სწორედ იმ გმირების თავგანწირვა და დაღვრილი სისხლი გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვას აღარასოდეს შეეგუება!" - ვასილ გველესიანი

მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ახალგაზრდები შეიკრიბნენ.
მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილო კომპოზიცია წარმოადგინეს.